გოგრა – დიეტური და სასარგებლო

მწვანე გოგრა
სარჩევი

გოგრას საპატიო ადგილი აქვს იმ ხილბოსტნეულს შორის, რომლებიც თქვენს ორგანიზმს შემოდგომაზე სჭირდება, რათა ზამთარს და ვირუსების სეზონს ძლიერი იმუნიტეტით შეხვდეთ.

გოგრის სამკურნალო თვისებები

ამ მცენარეში სასარგებლოა თითქმის ყველაფერი: თესლი, რბილობი, წვენი.

გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, აქამდეც გსმენიათ, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ გოგრა A ვიტამინის შემცველობით 5-ჯერ აღემატება სტაფილოს და 3-ჯერ – ძროხის ღვიძლს. A ვიტამინი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობისათვის, ლორწოვანი მემბრანის  (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი ქსოვილის რბილი შრე) შენარჩუნებისათვის, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის – ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას, იმუნური სისტემისთვის – ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ და ზოგადად იდეალური დანამატია ნებისმიერი ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონისთვის.

გოგრა ხილია თუ ბოსტნეული

კიდევ რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს გოგრა?

  • მიკროელემენტები: ფტორი, მანგანუმი, იოდი, კობალტი, სპილენძი, რკინა და თუთია;
  • მაკროელემენტები: ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი;
  • ვიტამინები: В ჯგუფი მთლიანად, ფოლიუმის მჟავა, А, С და Е;
  • გლუკოზა;
  • ფრუქტოზა;
  • საკვები ბოჭკოები.

ამ ტერმინებით რომ არ დაგაბნიოთ, უფრო მარტივად გეტყვით, რომ გოგრა სასარგებლოა: საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის, დადებითი გავლენა აქვს მეტაბოლიზმზე, გულის მუშაობაზე, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ხსნის სტრესს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

გოგრის კალორიულობა

გოგრის ენერგეტიკული ღირებულებაა 100 გრ პროდუქტზე მხოლოდ 28 კალორია.  ამასთანავე, ის შესანიშნავად ანაყრებს. სწორედ ამ „დამსახურებებისთვის“ დიეტოლოგები გოგრას და მისგან მომზადებულ საკვებს ხშირად რთავენ პაციენტების კვების რაციონში. საქმე ის არის, რომ გოგრაში დიდი რაოდენობით არსებული საკვები ბოჭკო ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ გოგრის მომზადება მრავალნაირად შეიძლება: თამამად შეგიძლიათ  მიირთვათ მოხარშული გოგრა, ღუმელში შემწვარი გოგრა, სხვა ბოსტნეულთან ერთად მოშუშული გოგრა, მოამზადოთ გოგრის წვნიანი და ა.შ.;

gogra bavshvebistvis

გოგრა ბავშვებისთვის

გოგრა ძალიან სასარგებლო საკვებია პატარებისთვის: დიდი რაოდენობით შეიცავს ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს (მათ შორის – A ვიტამინს, რის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ), ცილებსა და უჯრედისს. ამ პროდუქტში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, პასუხს აგებს კანის და თვალების მდგომარეობაზე და აძლიერებს იმუნიტეტს. უმჯობესია რომ გოგრა იყოს ზედმეტი დანამატების და პესტიციდების გარეშე მოყვანილი და წარმოადგენდეს სუფთა ბიოპროდუქტს.

ორი სიტყვით იმის შესახებ გოგრა ხილია თუ ბოსტნეული?

ამ საკითხს რამდენიმე ახსნა აქვს:

ბოტანიკოსების თვალსაზრისით, გოგრა ხილია, უფრო ზუსტად კი -კენკრაა, ისევე როგორც პომიდორი და საზამთრო; აი, მებაღეებისა და მზარეულებისთვის კი გოგრა ბოსტნეულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თემაზე პოლემიკას მაინც მხოლოდ ტერმინოლოგიური ხასიათი აქვს.

გოგრის კალორიულობა

რომელი გოგრაა უკეთესი?

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უნდა მოამზადოთ გოგრისგან და რამდენ ხანს გსურთ მისი შენახვა.

დღეს მაღაზიის დახლებზე უფრო ხშირად გოგრის სამი სახეობა შეგხვდებათ:

  • მუსკატური გოგრა (Cucurbita moschata);
  • მაგარკანიანი გოგრა (Cucurbita pepo);
  • დიდნაყოფა გოგრა (Cucurbita maxima);

გარდა ამისა, არსებობს დეკორატიული გოგრები, რომლებიც საკვებად არ გამოიყენება.

მოკლედ განვიხილოთ თითოეული სახეობა:

მუსკატური გოგრა (Cucurbita moschata) ანუ ჯავზის გოგრა – იგივე თაფლა-გოგრა, ხურჯინა გოგრა, ბორჩალოური გოგრა:

didnayofa gogra

მუსკატურ გოგრას, გოგრის დანარჩენ სახეობებთან შედარებით, უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მისი წაგრძელებული ნაყოფი ფორმით წააგავს დიდი ზომის ყაბაყს, გიგანტურ მსხალს ან ზოგჯერ 8-იანს. კანი თხელი აქვს, ადვილად იჭრება დანით და მის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. ასეთი ნაყოფი ყველაზე ტკბილია, ამიტომ საუკეთესოა ნამცხვრებისთვის და დესერტად. ამასთანავე, თაფლა-გოგრაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ვიტამინი-კაროტინოიდები.

ერთი სიტყვით, მუსკატური გოგრა საუკეთესო ჯიშია ბევრისთვის, რომ არა ერთი „მაგრამ“: ჯავზის გოგრა, სხვებთან შედარებით, დიდხანს არ ინახება. დიდხანს შენახვისას სიტკბოს კარგავს და ვიტამინების შემცველობაც უმცირდება.

მაგარკანიანი გოგრა (Cucurbita pepo) – იგივე ხოკერა-კვახი (იმერეთში), ხაპერა (გურიაში), ხოპეშია (სამეგრელოში), საღორე კვახი (რაჭაში), კვახნეს (სვანეთში) (Cucurbita pepo)

მაგარკანიანი გოგრა

სწორედ მაგარკანიანი გოგრა წარმოგიდგებათ ხოლმე თვალწინ, როდესაც ჰელოუინის გოგრას ახსენებენ. ის შეიძლება იყოს მრგვალი, ცოტა გაბრტყელებული ან მოგრძო–ცილინდრული. ხოკერა გოგრას ხშირად ხასხასა ნარინჯისფერი კანი აქვს, თუმცა ასევე შეიძლება ის იყოს ყვითელი, ნაცრისფერი, მომწვანო. მისი ზედაპირი ზოგჯერ გლუვია,  ზოგჯერ დაღარული ან მეჭეჭებიანი. რბილობი კი ნარინჯისფერი ან ყვითელია.

მაგარი კანი ხოკერა-კვახს ტრანსპორტირებისას იცავს, თუმცა ეს ჯიში რბილობის სისქით მუსკატურ და  დიდნაყოფა გოგრებს ჩამორჩება.

მაგარკანიანი გოგრის შეძენას იმ შემთხვევაში გირჩევთ, თუკი რაღაც დროის შემდეგ უნდა მოამზადოთ და წინასწარ ყიდულობთ: ის დიდხანს ინახება და, შენახვის ვადის ხანგრძლიობასთან ერთად, სიტკბო კიდევ უფრო ემატება. ახლად მოკრეფილ ნაყოფში ბევრი სახამებელია, რომელიც დროთა განმავლობაში შაქრად გადაიქცევა. მაგარკანიანი გოგრა გაზაფხულამდეც კი შეგიძლიათ შეინახოთ. გოგრას რაც უფრო სქელი კანი აქვს, მით უფრო დიდხანს ინახება.

დიდნაყოფა გოგრა (Cucurbita maxima) – იგივე თათრული გოგრა (ქართლ-კახეთში), თათრული კვახი (იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში), ხაპი (გურიაში), კოპეშია (სამეგრელოში)

 

თაფლა გოგრა

დიდნაყოფა გოგრის ფორმა მრგვალი ან კვერცხისებურია.  კანი ხოკერა-კვახზე უფრო თხელი აქვს, ფერი კი – მოთეთრო, ნაცრისფერი, მოვარდისფრო-ყვითელი ან მოყვითალო-ნარინჯისერი.

ეს ჯიში ტკბილი არ არის, ამიტომ ძალიან კარგია ხორციანი კერძებში და გარნირებისთვის, როცა ზედმეტი სიტკბო გემოს აზარალებს.

დიდნაყოფა გოგრა დიდხანს არ ინახება. სამაგიეროდ, თუ „წერეთლის მწვადი“ გიყვართ, სწორედ თათრულ გოგრას აქვს ყველაზე გემრიელი და სასარგებლო თესლი, რომელიც ადვილადაც იწმინდება.

tatruli gogra

აქვს თუ არა უკუჩვენებები?

გოგრის უკუჩვენება მხოლოდ უმი სახით მიღებასთან არის დაკავშირებული:

უმი გოგრის მიღება არ შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის სისტემის ანთებითი დაავადება აწუხებს ან თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭები აქვს. ასევე, თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტი აკრძალულია ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის, რადგან უმი გოგრა ძნელი მოსანელებელია.

და კიდევ ერთი: თერმულად დამუშავებული გოგრის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება, მუცლის შებერილობა გამოიწვიოს.

როგორი უნდა იყოს დღიური ულუფა?

დღის განმავლობაში 300-500 გრ თერმულად დამუშავებული გოგრა ოპტიმალური ულუფაა დიდი ადამიანისთვის, ვისაც გოგრაზე ზემოთ ნახსენები უკუჩვენებები არ აღენიშნება.

ჯავზის გოგრა

შეიძლება თუ არა გოგრის ჭამა საღამოობით?

დაბალკალორიული გოგრა ერთ-ერთია იმ პროდუქტებიდან, რომლებიც საღამოს ტრაპეზისთვის არის რეკომენდებული.

აირღუმელში გამომცხვარი გოგრის რამდენიმე ნაჭერი შესანიშნავადაც დაგანაყრებთ, შფოთიანობასაც შეგიმცირებთ და დაძინებაშიც ხელს შეგიწყობთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი გოგრის დესერტი, რომელიც ვიტამინების ნამდვილი საბადოა.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.