სეზონური ხილი და ბოსტნეული – ეს ის პროდუქტია, რომელიც მაღაზიის დახლებზე იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როდესაც მწიფდება და იკრიფება, ანუ მოსავლის სეზონზე. სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის სეზონი კი წელიწადის სხვადასხვა დროს უწევს – ასე დაადგინა ბუნებამ. ნებისმიერი დიეტოლოგი კი, თავის მხრივ, იმ ფაქტს დაგიდასტურებთ, რომ სეზონური ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით იმ მიკრო და მაკრონუტრიენტებს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის წლის იმ კონკრეტულ პერიოდშია აუცილებელი, როდესაც მოდის.
სეზონური ხილისა და ბოსტნეულის სარგებელი ორგანიზმისთვის
ჩვენ აღარც კი გვახსოვს, რომ, სულ რაღაც, ოციოდე წლის წინ მაღაზიის დახლებზე ვერ შეხვდებოდით ისეთ მრავალფეროვან პროდუქტებს, დღეს რომ ვხედავთ. ხოლო ის ჩვეულებრივი ამბავი, მთელი წლის განმავლობაში რომ ადგილობრივი თუ ეგზოტიკური ხილითა და ბოსტნეულით გვაქვს დახლები სავსე, მეოცე საუკუნის ადამიანებსაც კი, სრულიად, გაუგონარ ამბად მოეჩვენებოდათ. იყო დრო, როცა ხილი და ბოსტნეული ჩვენს წინაპრებს თავად მოჰყავდათ და მაშინ მიირთმევდნენ, როცა ბუნება მისცემდა ნებას.
სწორედ აქ იჩენს თავს ბუნების სიბრძნე:
გაზაფხულის ხილი და ბოსტნეული
ზამთრის შემდეგ აღებულ პირველ მოსავალში ყველა ის ელემენტი და ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს გამოსაღვიძებლად და იმუნიტეტის ასამაღლებლად სჭირდება; ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში ხშირად იჩენს თავს ავიტამინოზის ნიშნები, ამიტომ რაციონში უნდა შედიოდეს, სწორედ, ღია გრუნტში მოყვანილი, დიდი რაოდენობით სეზონური ბოსტნეული და ხილი. მაგალითად: ბოლოკი, ახალი ნიორი, სტაფილო, ბადრიჯანი, ყაბაყი, ისპანახი, რუკოლა, მწვანე ბარდა, კენკროვანი ხილი…
ზაფხულის ხილი და ბოსტნეული
ზაფხული შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ სეზონური ხილიდან და ბოსტნეულიდან ვიტამინების დიდი მარაგი მიიღოს ორგანიზმმა.
მარწყვი, ალუბალი, ქლიავი, ბალი, ატამი, გარგარი, საზამთრო, ნესვი, შავი მოცხარი, მაყვალი, ზაფხულის ვაშლი, კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, თალგამი, სხვადასხვა მწვანილი, სალათები – ზაფხულში ეს ყველაფერი სეზონურია და თითოეულს თავისი შეუცვლელი თვისებები აქვს, ამიტომ ზაფხულის განმავლობაში ბუნების ამ საჩუქარს ნუ მოაკლებთ საკუთარ ორგანიზმს.
შემოდგომის ხილი და ბოსტნეული
შემოდგომის უხვი მოსავალი ზამთრისთვის ამზადებს ორგანიზმს და ვიტამინებით ამარაგებს.
ამ სეზონზე შემოდის: ყურძენი, კომში, მსხალი, ბროწეული, ლეღვი, ხურმა, კარალიოკი, შემოდგომის ვაშლი, გოგრა, ქაცვი, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო…
ნებისმიერ სეზონზე ყურადღება მიაქციეთ ყვითელ-სტაფილოსფერ ბოსტნეულს და ხილს – ასეთი ფერის ხილ-ბოსტნეული, არა მხოლოდ, თვალს ახარებს, არამედ მდიდარია კაროტინოიდებით. მათ შორის ყველაზე ცნობილია B-კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პროვიტამინს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი როლი აქვს: ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში – იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისაგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტის, საშარდე არხების ინფექციებისაგან და ა.შ.
ზამთრის ხილი და ბოსტნეული
ზამთარში უკვე ციტრუსების სეზონი მოდის – მათში დიდი რაოდენობით არის C ვიტამინი, რომელიც გაციებისთვის უებარი წამალია და იმუნური სისტემისთვის წელიწადის ცივ დროს აუცილებელია. ამიტომ ზამთრის განმავლობაში უნდა მიირთვათ ვაშლი, კივი, ფეიხოა, მანდარინი, ფორთოხალი, გოგრა…
ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული vs იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული
იმპორტირებისთვის გამიზნული ხილი და ბოსტნეული ხშირად მანამ იკრიფება, სანამ დამწიფდება, რადგან დიდი მანძილი უნდა გაიაროს მომხმარებლამდე და დამწიფება გზაში უნდა მოასწროს. ამის გამო იმპორტირებული პროდუქტები ხშირად გენმოდიფიცირებულია. ზოგიერთ ხილი – მაგალითად, ვაშლი, ბანანი, ნესვი, პომიდორი, ატამი გარგარი, მსხალი – კლიმაქტერული ხილია, ანუ ამ ხილსა და ბოსტნეულს ახასიათებს ეთილენის წარმოქმნის და მოწყვეტის შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე დამწიფების უნარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, პომიდორი დამწიფდება მაშინაც კი, თუ მას ჯერ კიდევ მწვანეს დაკრეფთ.
მაგრამ, როცა ხილს და ბოსტნეულის მწიფე ფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაყოფში საკვები ნივთიერებების ოპტიმალური რაოდენობა ჯერ არ არის დაგროვებული.
იმპორტირებული პროდუქტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოდის და ხანგრძლივი ტრანსპორტირება სჭირდება – მათ შორის, თვითმფრინავებით, გემებით, სატვირთო მანქანებით. ტრანსპორტი კი, ყველამ ვიცით, რომ გამოყოფს დიდი რაოდენობით СО2-ს – ერთ-ერთ სათბურ გაზს, რომელიც გლობალური დათბობაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ტრანსპორტზე მოდის მსოფლიოში CO2-ის ემისიის 15-20%!
რაც შეეხება სეზონურ ხილ-ბოსტნეულს, ის აუჩქარებლად მწიფდება, შესაბამისად უკეთესი გემო და არომატი აქვს და სწორი პროპორციებითაც იღებს ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს.
რა სარგებელი აქვს ეკოლოგიისთვის სეზონურ ხილს და ბოსტნეულს?
სეზონური პროდუქტი ნაკლებ ეკოლოგიურ კვალს ტოვებს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
სეზონური პროდუქტების მოსაყვანად არ გამოიყენება ჰერბეციდები და პესტიციდები, შესაბამისად – არ „ცვდება“ ნიადაგი და არ ბინძურდება წყალი;
სეზონურ ხილს და ბოსტნეულს არ სჭირდება გათბობა და ელექტროენერგია, შესაბამისად არ იწვევს გამონაბოლქვს ატმოსფეროში;
ამასთანავე, „სეზონური“ უმეტესწილად აღნიშნავს ადგილობრივს, ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული კი დაკრეფისთანავე მიდის ისევ ადგილობრივ მომხმარებლამდე და არ სჭირდება ხანგრძლივი ტრანსპორტირება, შესაბამისად – ეს ხელს უწყობს საქართველოდან CO2-ის ემისიის შემცირებას.
დასკვნის სახით:
სეზონური ხილი და სეზონური ბოსტნეული ჯანმრთელოისთვის სასარგებლო საკვებია, რადგან: დიდი რაოდენობით შეიცავს იმ მიკრო და მაკრონუტრიენტებსა და ვიტამინებს, რომლებიც იმ კონკრეტულ სეზონზეა აუცილებელი ორგანიზმისთვის, როდესაც მოდის;
სეზონური ხილ-ბოსტნეული – ეს არის პროდუქტი დანამატების გარეშე და შესაბამისად, არ ტოვებს ნეგატიურ კვალს ბუნებაზე;
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი ორგანიზმი დიდხანს გემსახუროთ, მიირთვით თავის დროზე მოწეული ხილი და ბოსტნეული; სწორი კვება ადამიანს წელიწადის ნებისმიერ პერიოდში სჭირდება და ნუ შეგაშინებთ სოფლის პროდუქტის ფასი – მიირთვით ცოტა რაოდენობით, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ბევრ სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს მიიღებთ. ეს სწორედ ის შემთხვევა გახლავთ, როცა ცოტა ნიშნავს ბევრს.