ჭარხალი სამკურნალოდ

ჭარხალი სამკურნალოდ
სარჩევი

უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანი ჯანმრთელობის და დღეგრძელობის გზებს ბუნებაში და ჯანსაღ პროდუქტებში ეძებს. ჩვენი წინაპრების მიერ დაგროვებული გამოცდილება დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

და ეს არცაა გასაკვირი – დღეს ხომ მრავალრიცხოვანი კვლევებით არის დადასტურებული, რომ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ხილი, ბოსტნეული თუ ბაღჩეული შეუცვლელი სარგებლის მომტანია ადამიანის ორგანიზმისთვის.

დღეს განვიხილოთ, თუ რა არის ჭარხლის სიკეთე.

ჭარხლის სასარგებლო თვისებები განპირობებულია ამ ბოსტნეულის უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. ჭარხლის სამკურნალო თვისებებს და პრევენციული მიზნებისთვის ამ ბოსტნეულის ეფექტიანობას მედიცინაც აღიარებს.

არსებობს ცნობები, რომ ჭარხალს საკვებად ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით I–II საუკუნეებში იყენებდნენ, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში ჭარხალი მოჰყავდათ, როგორც სამკურნალო მცენარე. ჭარხლის წვენი თავის რეცეპტებში ჰქონდათ შეტანილი მედიცინის ისეთ კლასიკოსებს, როგორებიც იყვნენ: მედიცინის მამა ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-377), გალენოსი (129-216), ავიცენა (ჩვ.წ. 980-1037), პარაცელსი (1493-1541).

რატომ მიიჩნევა, რომ ჭარხალი მკურნალია

ჭარხალი ჩვენში ფართოდ გავრცელებული ბოსტნეულია, რომელიც ყველა სეზონზე შეგვიძლია შევიძინოთ. და როგორც ხშირად ხდება, რაც ერთი ხელის გაწვდენაზე გვაქვს, იმის სარგებელი გვავიწყდება ხოლმე.

არადა ეს კეთილშობილი ბოსტნეული სასარგებლოა საკვებად უმიც და მოხარშულიც, სასარგებლოა ჭარხლის წვენი, ხოლო ხალხურ მედიცინაში ცნობილია მისი ეფექტიანობა გარეგანი გამოყენების დროს.

თავდაპირველად საკვებად მხოლოდ ჭარხლის ფოთლებს იყენებდნენ, ნაყოფს კი სამკურნალო დანიშნულებით მოიხმარდნენ. არსებობს ცნობები, რომ ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ხალხები შავი ჭირისგან თავის დაცვას სწორედ ჭარხლის საშუალებით ცდილობდნენ.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ჭარხლის ნაყოფიც და ჭარხლის ფოთლებიც. სამკურნალო თვისებებით გამორჩეულია როგორც ჩვენთვის ცნობილი წითელი ჭარხალი, ასევე მანგოლდი – ფოთლოვანი ჭარხალი, იგივე წითელი მხალი.

სხვათა შორის, მოხარშული ჭარხალი, ისევე როგორც, მოხარშული სტაფილო, არათუ არ კარგავს სამკურნალო და კვებით ღირებულებას, არამედ ამ მხრივ აღემატება კიდეც უმს.

ჭარხლის სამკურნალო თვისებები

ჭარხლის ქიმიური შემადგენლობა

ჭარხალი ყველაზე ჯანსაღი ხილი და ბოსტნეულის სიაში შედის. ბევრი ბოსტნეული ვერ დაიტრაბახებს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს ისეთი სიმდიდრით, როგორიც ჭარხლის შემადგენლობაშია.

ჭარხლის ფოთლები მდიდარია С ვიტამინით (20-50 მგ 100 გრ-ში) და ფოლიუმის მჟავით;

ჭარხლის ნაყოფი შეიცავს: გლუკოზას, ფრუქტოზას და საქაროზას; ორგანულ მჟავებს; სხვადასხვა ვიტამინს: А, B1, B2, B3, B6, B9, E, PP; მიკორო და მაკროელემენტებს, მათ შორის: ბორს, იოდს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, თუთიას, ფოსფორს, ფტორს; პექტინს; ცილებს; ამინომჟავებს;  უჯრედისს.

ჭარხლის სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებები

ჭარხლის ნაყოფიც და ჭარხლის ფოთლებიც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ. მაგალითად:

სურდო – ჭარხალს ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს; აქედან გამომდინარე, სურდოს დროს საუკეთესო საშუალებაა ცხვირში უმი ჭარხლის წვენის ჩაწვეთება.

კანის დაავადებები – უმი ჭარხლის ფაფას იყენებენ კანზე გამონაყარის და წყლულების სამკურნალოდ. ასევე, კოსმეტიკური მიზნებით სახის კანის ნიღბებში;

კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობია – მოხარშული ჭარხალი საუკეთესო საშუალებად არის მიუჩნეული კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონირებისთვის. ჭარხლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არის უჯრედისი და პექტინი, რაც აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და ამსუბუქებს მდგომარეობას ქრონიკული შეკრულობის შემთხვევაში;  ამავდროულად, ჭარხალი შებერილობას არ იწვევს;

ღვიძლის დაავადებები – ღვიძლის დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა კვების რაციონში მოხარშული ჭარხლის ჩართვა; ჭარხალში დიდი რაოდენობით შედის ნივთიერება „ბეტაინი“, რომელიც აძლიერებს ღვიძლის უჯრედების ფუნქციას და ეხმარება ღვიძლს ტოქსინების სწრაფად გამოდევნაში;

ჭარხალი გასახდომად

ჭარბწონიანობა – ჭარხალი გასახდომად ერთერთი დიეტური პროდუქტია. ჭარხალი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო მასში შემავალი ბოჭკო და პექტინი მადის კონტროლში დაგეხმარებათ. დიეტოლოგების რეკომენდაციით, ჭარხალი გასახდომად  უმჯობესია, ფოლგაში გახვეული ღუმელში გამოაცხოთ და ისე მიირთვათ. გამომცხვარი ჭარხალი შეგიძლიათ, გახეხოთ და, გემოვნებით დაუმატოთ ნიორი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, გახეხილი უმი სტაფილო, 2-3 წვეთი ზეითუნის ზეთი, მარილი და ლიმონი წვენი. ასეთი ჭარხლის სალათა უგემრიელესი და ძალიან სასარგებლოა;

სისხლნაკლულობა – ჭარხლის სიკეთე განსაკუთრებით დიდია სისხლნაკლულობის შემთხვევაში, რადგან ამ ბოსტნეულის ქიმიურ შემადგენლობაში არსებული ბევრი ელემენტი მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში. ამასთან, ამ მხრივ ეფექტიანია როგორც უმი ჭარხლის წვენი, ასევე თერმულად დამუშავებული ჭარხლისგან მომზადებული კერძები;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ჭარხლის წითელი ფერი ბეტაინის დამსახურებაა, რომელიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ტოქსიკური ამინომჟავების – ჰომოცისტეინის დონეს, რითაც აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას. ბეტაინის და В9 ვიტამინის მაღალი შემცველობის დამსახურებით, ჭარხალი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის და მაღალი არტერიული წნევის დარეგულირებისთვის;

ორგანიზმის გაწმენდა – მიჩნეულია, რომ ჭარხალი ორგანიზმის გასაწმენდად №1 საშუალებაა! ჭარხალში შემავალი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების დამსახურებით ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე ნივთიერებები, რადიოაქტიური ელემენტები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისათვის მავნე სხვა ნივთიერებები;

ნერვული სისტემის დარღვევები – ჭარხალში მაგნიუმის და В ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობა განაპირობებს ამ ბოსტნეულის სარგებელს ნერვული სისტემის დარღვევების და გონებრივი გადაღლილობის დროს;

იმუნიტეტი – იმუნიტეტის ასამაღლებლად აუცილებელია ანტიოქსიდანტებით სავსე საკვები. მათ შორის კი საპატიო ადგილზეა ჭარხალი – ის ორგანიზმს მნიშვნელოვნად ეხმარება იმუნიტეტის დაქვეითების დროს, გრიპის სეზონზე ან რესპირატორულ-ვირუსული ეპიდემიების პერიოდში.

ჭარხლის წვენი

ჭარხლის წვენის უკუჩვენებები და სასარგებლო თვისებები

ჭარხლის წვენის მომზადება შეიძლება როგორც უმი, ასევე მოხარშული ჭარხლისგან. ამასთანავე, ჭარხლის წვენი, როგორც ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და გამწმენდი საშუალება, სასარგებლოა სხვა ბოსტნეულის ან ხილის წვენთან შერეული.

უმი ჭარხლის წვენის მომზადება

თუკი სახლში წვენსაწური გაქვთ, საქმე გაგიმარტივდებათ – გარეცხეთ ჭარხალი, გაფცქვენით, 2-3 ნაწილად გაჭერით და გაწურეთ.

თუკი წვენსაწური არ გაქვთ, ჭარხლის წვენის მოსამზადებლად გამოგადგებათ ბლენდერი ან უბრალო სახეხიც: გახეხილი ან დაბლენდერებული ჭარხალი დადეთ რამდენიმე ფენა მარლაზე და გამოწურეთ.

უმი ჭარხლის წვენის მიღების წესი

უმი ჭარხლის ახლად გამოწურული წვენი არ დალიოთ. სუფთა (სხვა ბოსტნეულის ან ხილის გარეშე) ჭარხლის წვენის დალევა რეკომენდებულია მას შემდეგ, რაც გამოწურვიდან 2 საათი (უმჯობესია, მეტიც) გავა; ამიტომ, ახალგამოწურული წვენი 2-3 საათით შედგით მაცივარში და დროდადრო მოაცალეთ ქაფი, რომელსაც თავზე მოდგამს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ წვენი „დადგეს“ და მისგან აორთქლდეს ის ფერმენტები, რომლებიც შეიძლება, ზიანის მომტანი იყოს.

თავდაპირველად დღეში უნდა მიიღოთ 50 მლ და თანდათანობით გაზარდოთ დოზა დღეში 100 მლ-მდე.

მოხარშული ჭარხლის წვენი

მოხარშული ჭარხლის წვენი

ამ რეცეპტისთვის ჭარხალი თავიდანვე არ უნდა გაფცქვნათ. კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ან ფოლგაში გახვეული გამოაცხვეთ ღუმელში. ამის შემდეგ მოაცილეთ კანი და გაწურეთ – ან წვენსაწურით, ან გახეხვის მეთოდით.

მოხარშული ჭარხლის წვენის მიღების წესი

მოხარშული ჭარხლის ახალგამოწურული წვენი 20 წუთი გაჩერეთ. შემდეგ გააზავეთ წყლით, 1:1 პროპორციით, და დაიწყეთ სმა.

თერმულად დამუშავებული ჭარხლის წვენის დალევა რეკომენდებულია დღეში 80 მლ. ეს რაოდენობა შეგიძლიათ, თანდათანობით გაზარდოთ, მაქსიმუმ, 160 მლ-მდე დღეში.

ჭარხლის უკუჩვენებები

უმი ჭარხლის წვენი ძალიან „ჯანიანია“ და ძლიერ მოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. ამიტომ, წინასწარ აუცილებელია კონსულტაციის გავლა თქვენს მკურნალ ექიმთან.

უმი ჭარხლის წვენის მიღებისთვის უკუჩვენებაა შემდეგი დაავადებები:

  • გასტრიტი მაღალი მჟავიანობით
  • არტერიული ჰიპოტონია (არტერიული წნევის დაქვეითება)
  • დიარეა
  • თირკმელების დაზიანება
  • ოსტეოპოროზი (ძვლოვანი სისტემის დაავადება)
  • ნაწლავის ანთებითი დაავადება
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

თერმულად დამუშავებული ჭარხალი საკვებშიც სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, როცა გამოხატულია:

  • ჰიპერთირეოზი
  • შარდკენჭოვანი დაავადება
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • შაქრიანი დიაბეტი.

 

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.