კომშის სასარგებლო თვისებები და შერჩევის წესები

კომში
სარჩევი

კომში უძველესი ხილია. მისი კულტივირება, ჯერ კიდევ, 4 ათასი წლის წინათ ძველ საბერძნეთში დაუწყიათ და თავისი სამეცნიერო სახელწოდებაც Cydonia – კუნძულ კრეტაზე მდებარე უძველესი ქალაქის Cydon-დან (დღევანდელი ქალაქი ხანია) მიიღო. კომში, არა მხოლოდ, გემრიელი და არომატული ხილია, არამედ მას უძველესი დროიდანვე განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ და  ხალხურ მედიცინაში აქტიურად იყენებდნენ.

კომშის სამკურნალო თვისებები კი ნამდვილად არ ყოფილა გადაჭარბებული. დღეს უკვე მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული, რომ ნედლი ნაყოფი დიდი  რაოდენობით შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო და აუცილებელ ნივთიერებებს.

ამ ბლოგში ამ ხილის რამდენიმე, განსაკუთრებით, მარგებელ თვისებაზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე საინტერესოა:

კომშის სასარგებლო თვისებები:

komshis sirofi

მდიდარია ნუტრიენტებით

ნუტრიენტები ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომლებიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. ნუტრიენტებს ადამიანის ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მათი საკვებიდან მიღება.

100 გრ კომშის შემადგენლობაა (1 ნაყოფი, დაახლოებით, 250 გრამია):

  • კალორია: 52 კკლ
  • ცხიმები: 0 გრ
  • ცილები: 0,3 გრ
  • ნახშირწყლები: 14 გრ
  • უჯრედისი: 1,75 გრ
  • ვიტამინი C: დღიური ნორმის 15%

შეიცავს ანტიოქსიდანტებს

კომშის სამკურნალო თვისებები დიდწილად განპირობებულია ანტიოქსიდანტების მდიდარი შემცველობით.

ანტიოქსიდანტები ამსუბუქებენ მეტაბოლურ სტრესს, ამცირებენ ანთებას და იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ხილის ანტიოქსიდანტები, მათ შორის – ფლავონოიდები, გულის ქრონიკული დაავადებებისგან გვიცავს.

კომშის სამკურნალო თვისებები

კომში ორსულებში ამსუბუქებს ტოქსიკოზს

ორსულობის პირველ თვეებში ხშირია გულისრევა და ღებინება. კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ ხილს ეფექტიანად შეუძლია, აღნიშნული სიმპტომების შემსუბუქება. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც ორსულები მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ 1 სუფრის კოვზი (15 მლ) კომშის სიროფი უფრო ეფექტურად გაუმკლავდა გულისრევის შეგრძნებას, ვიდრე B6 ვიტამინი. სამეცნიერო მუშაობა ამ მიმართულების ჯერ ისევ გრძელდება.

ამსუბუქებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს

ეს შესანიშნავი ხილი ხალხურ მედიცინაში ძველი დროიდან გამოიყენებოდა საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა დარღვევის სამკურნალოდ. ბოლოდროინდელმა კვლევებმაც აჩვენა, რომ კომშის ექსტრაქტს და წვენს შეუძლია ნაწლავის ქსოვილის დაცვა წყლულოვანი კოლიტისგან. წყლულოვანი კოლიტი კი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ანთება ვითარდება.

კომში კუჭის წყლულის მკურნალობისთვის

ამ ხილის მცენარეული ნაერთები ხელს უწყობს კუჭის წყლულის პრევენციას და მკურნალობას. ერთ კვლევაში კომშის წვენმა შეძლო, შეეჩერებინა Helicobacter pylori-ის გამრავლება. ჰელიკობაქტერია კი ერთადერთი ცნობილი მიკროორგანიზმია, რომელსაც შეუძლია, კუჭის მჟავე გარემოში იცხოვროს და მიიჩნევა, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამოიწვიოს. ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევები გრძელდება.

კომში

ამსუბუქებს გულძმარვის სიმპტომებს

აქ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ კომში ბავშვებში ამსუბუქებს ასეთ სიმპტომებს. კვლევამ, რომელშიც მჟავა რეფლუქსის სიმპტომების მქონე 80 ბავშვი მონაწილეობდა და 7 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, აჩვენა, რომ კომშის სიროფის ყოველდღიური მიღება ისეთივე ეფექტურია, როგორც ის ქიმიური პრეპარატები, რომლებიც გულძმარვის მოსახსნელად გამოიყენება.

გარდა ამისა, კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კომშის კონცენტრატის და ტრადიციულ მედიკამენტების ერთად გამოყენება გაცილებით ეფექტიანად ამცირებს გულისრევის შეგრძნებას და ხსნის მუცლის ტკივილს, ვიდრე მხოლოდ მედიკამენტის მიღება.

მსგავსი კვლევა ორსულებზეც ჩატარდა – ასეთი სიროფი ორსულებში გულძმარვას ისევე  ეფექტიანად ებრძვის, როგორც ტრადიციული მედიკამენტები.

კომში ხველებისთვის შეუცვლელი საშუალებაა

ხველების სამკურნალოდ ერთი კომში გაჭერით შუაზე, ამოჭერით გული კურკებიანად და ჩააგდეთ 2-3 ჭიქა ცივ წყალში. დადგით ცეცხლზე და როცა წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ. ადუღებიდან 10 წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. დალიეთ თბილ-თბილი დილას და საღამოს თითო ჭიქა, უმჯობესია უშაქროდ.

აძლიერებს იმუნიტეტს

ამ შესანიშნავ ხილს აქვს თვისება, ხელი შეუწყოს ორგანიზმის იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კომშს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. 100 გრ ნაყოფი შეიცავს С ვიტამინის დღიური ნორმის 15%-ს, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ასევე, 100 გრ ნაყოფი შეიცავს უჯრედისის დღიური ნორმის, დაახლოებით, 13%-ს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას, ანთებითი დაავადებების შემცირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, რომლებსაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მავნე ბაქტერიები იწვევს. ასე რომ კომშის მოხმარება უფრო მეტად გაამდიდრებს თქვენი ჯანსაღი კვების რაციონს.

კომშის ჯიშები

კომშის უკუჩვენებები

სასარგებლო თვისებების პარალელურად, კომშს აქვს უკუჩვენებები პლევრიტისა და ყაბზობის დროს.

როგორ უნდა ვჭამოთ კომში?

ნედლ ნაყოფს, მწიფესაც კი, მომჟავო და ოდნავ მწკლარტე გემო აქვს. სწორედ ამის გამო ბევრს, შეიძლება, არ უყვარდეს იგი, თუმცა ამ მდგომარეობის გამოსწორება მარტივია.

როგორი სახით უნდა ვჭამოთ კომში, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს: ზოგი მიიჩნევს, რომ ნედლი ნაყოფი გაცილებით სასარგებლოა, რადგან სრულად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს; ზოგი გეტყვით, რომ მისი თერმული დამუშავება აუცილებელია, რადგან მისი წვენი კუჭისთვის მძიმე მოსანელებელია. თუმცა, ვისაც ეს ხილი უყვარს, მას მაინც ნედლი ნაყოფი ურჩევნია. უბრალოდ, კარგად უნდა გაირეცხოს – სასურველია, თბილ წყალში და უხეში ღრუბლით, გული ამოიჭრას და თხელ, მოგრძო ნაჭრებად დაიჭრას. შეგიძლიათ, სქელადაც გახეხოთ და გემოსთვის თაფლი დაამატოთ. კომში თაფლით, არა მხოლოდ, უფრო გემრიელია, არამედ ორგანიზმს ორმაგ სარგებელსაც მოუტანს.

თუკი ამ ხილის მწკლარტე გემო არ მოგწონთ, თერმულად დამუშავება სცადეთ – ამ დროს ნაყოფის გემოვნური თვისებები კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება.

მოხარშვის წინ გათალეთ, გული ამოაჭერით, სასურველ ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ ადუღებამდე მისულ წყალში ჩაყარეთ, ცოტა შაქრის დამატებაც შეგიძლიათ და საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 15 წუთი ადუღეთ. ეცადეთ, არ ჩაგეხარშოთ.

ხარშვის პროცესში კომში დიდი რაოდენობით პექტინს გამოყოფს, რომელსაც სითხე ჟელეს კონსისტენციაზე დაჰყავს. თავის დროზე, ამ ხილს, სწორედ, ამ თვისების აღმოჩენის შემდეგ ესპანელებმა და პორტუგალიელებმა შექმნეს მარმელადი – პორტუგალიურ ენაზე marmelo კომშს ნიშნავს. დღეს უკვე მარმელადი ჟელესებრი კონსისტენციის საკონდიტრო პროდუქტის ზოგად დასახელებად იქცა.

ეს ხილი საოცრად გემრიელია შემწვარიც: კარგად გარეცხეთ, შეგიძლიათ, არ გათალოთ, სამ ნაწილად გაჭერით, საცხობ ფორმაზე დაწყვეთ, ცოტა შაქარი მოაყარეთ და ღუმელში შედგით. ცხვება 1800-ზე, დაახლოებით 30 წუთი. შემწვარ კომშს ძალიან უხდება დარიჩინი (კარიცა), ჯანჯაფილი (იგივე – კოჭა) ან ილი (კარდამონი).

კომში თაფლით

კომშის ჯიშები

ზოგადად, მსოფლიოში კომშის 400-მდე ჯიშია ცნობილი, საქართველოში კი 75 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის, აბორიგენული ჯიშებია:

  • ქართლში – ადრეულა, ვაშლაკომშა, მალაჩინი, მჟავე, ტყვიავის კომში…
  • კახეთში – ზაფხულის, შემოდგომის, ყვარლის კომში, მახრჩობელა, ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, მეჯვრისხევური მჟავე, შილდური საგვიანო…
  • იმერეთში – ვანური, ზოვრეთული მსხვილნაყოფა, იმერული ვაშლისებრი, იმერული ზარისებრი, ნიკორწმინდული, ცხუნკურის ვაშლისებრი…
  • რაჭაში – რაჭული მსხვილნაყოფა, რაჭული ტკბილი, სავანეს ვაშლისებრი და სხვ.

უცხოეთიდან შემოტანილი ამ ხილის ჯიშები ჩვენთან ცოტაა, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: აზერბაიჯანის 2 (აზერბაიჯანიდან), ახმეტ-ჟუმი (დაღესტნიდან), ვრანისკა დანია (სერბეთიდან), იანტარნაია (უკრაინიდან), მუსკატისებრი (უკრაინიდან), ჩემპიონი (აშშ-დან) და ა.შ.

ჯანსაღი კომში

როგორ შევარჩიოთ?

ეს ხილი ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ ხილბოსტნეულის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა ამ დროს რამდენიმე ნიშანს უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • კომშის კანის ფერი – უნდა იყოს ერთგვაროვანი ყვითელი, უმცირესი მომწვანო წერტილებიც კი არ უნდა ემჩნეოდეს;
  • კომშის არომატი – ნაყოფს უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი სასიამოვნო არომატი, რაც მისი სიმწიფის მაჩვენებელია;
  • მექანიკური დაზიანება – როცა კომშის ნაყოფზე მექანიკური დაზიანების კვალია, ასეთი ნაყოფის შენახვის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება;
  • „ქვასავით“ მაგარი კომში – მართალია, კომშს, ზოგადად, მაგარი ნაყოფი აქვს, მაგრამ თუკი ის  „ქვასავით“ მაგარია, ესე იგი, ნაყოფი დაუმწიფებელია;
  • კომშის ნაყოფის ზომა – უმჯობესია, დიდი ზომის ნაყოფი შეარჩიოთ.

ცნობისათვის: კომში წლის ერთ-ერთი უკანასკნელი ხილია. ნაყოფი ოქტომბერში მწიფდება, გვიან ჯიშები კი ნოემბერშიც არის ხეზე. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ინფორმაციას სხვა სეზონული ხილისა და ბოსტნეულის შესახებაც.

საინტერესოა, რომ ადრეული ჯიშის ეს ხილი მოკრეფისთანავე გამოდგება საკვებად, ხოლო გვიანი ჯიშების ტექნოლოგიური სიმწიფე კი მოკრეფიდან 15-20 დღის შემდეგ დგება – ამ ხნის განმავლობაში ხარისხი უმჯობესდება, იკლებს სიმჟავე, შაქრისა და პექტინის შემადგენლობა კი მაქსიმუმს აღწევს. კომში კარგად ინახება 5-7°C ტემპერატურასა და 70-75% ტენიანობაზე. შენახვის ვადა კი, ნაყოფის ხარისხიდან გამომდინარე, სამ თვემდეა – შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ან გრილ სარდაფში, წინასწარ ქაღალდში სათითაოდ გახვეული.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.