ბოლო წლებია, პროდუქტები ფერმიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქის მოსახლეობაში და საკვებად სოფლის ნატურალური პროდუქტების მოხმარება ჯანსაღი კვების სინონიმადაც იქცა.
ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, რომელთა წარმოებისთვის არ გამოიყენება პესტიციდები, ანტიბიოტიკები, ქიმიური სასუქები, არა მხოლოდ, უფრო გემრიელია, არამედ მეტად უსაფრთხოცაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
თუმცა, ალბათ, ყველას არ ექნება ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რას გულისხმობს სახელწოდება სოფლის პროდუქტი ან პროდუქტი ფერმიდან და რითია გამორჩეული სოფლის ყველი, სოფლის კარაქი, სოფლის რძე, ნატურალური ხილი და ბოსტნეული. მოდით, გავარკვიოთ:
პროდუქტი ფერმიდან – რა იგულისხმება ამ სახელწოდების მიღმა?
პროდუქტი ფერმიდან – ეს, პირველ რიგში, პროდუქტის შექმნის ისტორიაა: ნიადაგის მოვლა-დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე, მეწველი საქონლის გამრავლებიდან რძის ნაწარმის დამზადებამდე. და როდესაც პროდუქტის ისტორია მუდმივად ვითარდება, ეს უკვე წარმოებული პროდუქციის ხარისხის მაჩვენებელია.
დასანანია, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ რეალობაში სისწრაფე ხარისხზე მნიშვნელოვანი გახდა. როცა ადამიანს სამსახურიდან სახლში მიეჩქარება, მისთვის უფრო მარტივია, ახლოს მდებარე მარკეტში შევიდეს, რაც დახვდება, შეიძინოს და გზა გააგრძელოს. თანაც, ბევრისთვის პროდუქტის შეძენისას ფასია განმსაზღვრელი, სოფლის ნატურალური პროდუქტი კი ძვირია – არა იმის გამო, რომ ფერმერი უგულო ადამიანია და მომხმარებლის ხარჯზე გამდიდრება სურს, არამედ იმიტომ, რომ ფერმაში, უმეტესწილად, ხელით შრომობენ, ხელით შრომა ძვირი ჯდება.
წარმოების ასეთი ფორმის იდეა უცხოეთში 1950-60-იან წლებში დაიბადა, როცა მსხვილმა მწარმოებლებმა მოსავლის გაზრდის მიზნით ქიმიური სასუქების გამოყენება დაიწყეს. ამ დროს კი წვრილ ფერმერებს არ ჰქონდათ ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების შეძენის ფუფუნება, ამიტომ გადაწყვიტეს, საერთოდ უარი ეთქვათ სინთეტიკურ სასუქზე და ის ორგანული სასუქებით ჩაენაცვლებინათ.
რა მახასიათებლები აქვს ფერმერულ პროდუქტს?
წარმოების საშუალო მოცულობა:
მართალია, ბებია, თავისი ბოსტნით და საქათმით, რომელშიც 5 დედალს ზრდის, ასევე შეიძლება, ფერმერად ჩაითვალოს, მაგრამ ის არ გვთავაზობს წარმოების უწყვეტ განვითარებას.
ჰექტრობით მინდვრები, დიდი ბაღები და მრავალრიცხოვანი საძოვრები კი უკვე წარმოების სამრეწველო ფორმაზე მიუთითებს.
ფერმერის მეურნეობა მოცულობით მათ შუაშია. ამიტომ სუპერმარკეტების ქსელში თქვენ ვერ შეხვდებით კერძო ფერმერის მეურნეობაში წარმოებული ნატურალური პროდუქტის ფართო ხაზს;
წარმოების პროცესის თვალსაჩინოება:
შესაძლებელია პროდუქტის წარმოების მთელი გზისთვის თვალყურის მიდევნება. ფერმერი ყოველთვის დაწვრილებით მოგიყვებათ თავისი პროდუქტის წარმოების მთელ ისტორიას – ეს მისი საქმის საძირკველია.
ვარგისიანობის მოკლე ვადა:
პროდუქტი ფერმიდან წარმოებულია კონსერვანტებისა და ანტიბიოტიკების გამოყენების გარეშე, ამიტომ დიდხანს არ ინახება. შესაბამისად კი, შენახვის მოკლე ვადა იმის მაჩვენებელია, რომ პროდუქტი ყოველთვის ახალია;
გარეგნული მახასიათებელი:
ნატურალური პროდუქტი გარეგნულად არ არის ისეთი, როგორსაც ქალაქის მცხოვრების თვალია მიჩვეული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე.
იმ საქონლის ხორცი, რომელიც თავისუფლად არის გაშვებული საძოვარზე, უფრო მკვრივი სტრუქტურისაა და ფერიც უფრო ჩამქრალია. ღია ცის ქვეშ, ბაღში მოყვანილი ბოსტნეულიც არ არის იდეალურად სიმეტრიული და ხილსაც შეიძლება, შავი წერტილების სახით, კოსმეტიკური დეფექტები ჰქონდეს;
სეზონურობა:
ფერმერის პროდუქტების ყიდვა მხოლოდ სეზონზე შეიძლება, რადგან დიდხანს არ ინახება;
მკაფიოდ გამოხატული გემო და არომატი:
ნატურალური ხილი და ბოსტნეული შეიძლება, ზომით არ იყოს შთამბეჭდავი, მაგრამ მათი გემოვნური თვისებები ძალიან მაღალია. აქ მცენარეები ბუნებრივ პირობებში იზრდება და სწორი პროპორციებით იღებს ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს. სოფლის კვერცხს მკვეთრი ყვითელი გული აქვს, ხოლო თავისუფლად გაშვებული საქონლის ან ქათმის ხორცის ბულიონს – საოცარი არომატი, რადგან ისინი მრავალფეროვანს საკვებს იღებენ და ასეთ რაციონში ვიტამინებისა და მინერალების პროპორციები ბუნებრივად არის დაბალანსებული;
სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
სოფლის ხორცის დიეტური თვისებები განპირობებულია იმით, რომ საქონელი მუდმივად მოძრაობაშია და ხორცში ცხიმი არ გროვდება, ასევე, ამ ხორცში არ არის სინთეზური ანტიბიოტიკების ნარჩენები, ხოლო სოფლის ხილი, რომელიც მოყვანილია პესტიციდებისა და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე, არ იწვევს ალერგიას. ამიტომ, თამამად შეიძლება თქმა, რომ ფერმის პროდუქტი იდეალურია ჯანსაღი კვებისთვის.
კომპლექსური ასორტიმენტი:
ფერმერული მეურნეობა, როგორც წესი, არ ითვალისწინებს, მხოლოდ, ერთი სახეობის პროდუქტის წარმოებას. ფერმიდან შეგიძლიათ შეიძინოთ: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რძის პროდუქტები.
უსაფრთხო მდებარეობა:
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება შეუძლებელია ქალაქთან და მსხვილ საწარმოებთან სიახლოვეში. ამიტომ, ფერმა მდებარეობს მსხვილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით და ამის საჩვენებლად ფერმის პროდუქტს ყოველთვის მითითებული აქვს მისამართი ან ადგილმდებარეობა პროდუქტის დასახელებაში გვხვდება;
მაღალი ფასი:
იმის გამო, რომ ფერმაში ხშირად ხელით შრომა გამოიყენება, პროდუქტი ფერმიდან ვერ იქნება იაფი. ამასთან, ნატურალური პროდუქტის წარმოებას მეტ დრო სჭირდება, რადგან ცხოველებს და მცენარეებს არ კვებავენ ზრდის ჰორმონებით.
ამგვარად,
პროდუქტი ფერმიდან გულისხმობს:
ა) ისეთ ხილსა და ბოსტნეულს, რომლის მოსაყვანადაც არ გამოიყენება ჰერბიციდები და პესტიციდები;
ბ) ხორცპროდუქტებსა და რძის პროდუქტებს ისეთი პირუტყვისა და ფრინველისგან, რომლებსაც, წვნიანი საკვების გარდა (ბალახები, ძირხვენები), კვებავენ იმავე ფერმის მიწაზე გაზრდილი მარცვლოვნებითა და პარკოსნებით, ხოლო დაავადებების პრევენცია ხდება ტრადიციული ბუნებრივი მეთოდებით (სანიტარული დასუფთავება, ჯანსაღი კვება);
ეს ყველაფერი კი უფრო ადვილია პატარა მეურნეობის პირობებში, რადგან მისი წარმოების მოცულობა ოპტიმალურია.
ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ტრენდი, რომელიც უცხოეთში რამდენიმე ათწლეული წინ გაჩნდა, ბოლო წლებში გახდა პოპულარული.
ნატურალური პროდუქტებზე ფსონის გაკეთება აუცილებლად გაამართლებს მოლოდინებს და დროთა განმავლობაში ეკოლოგიურად სუფთა ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან:
პროდუქტი ფერმიდან – ეს არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტია, რომელშიც შენარჩუნებულია ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები და ვიტამინები, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, მას სარგებელიც მოაქვს თქვენი ჯიბისთვისაც, რადგან ახალი ნატურალური პროდუქტი ფერმიდან გემოვნური თვისებებით გამორჩეული, უფრო ნოყიერი, ყუათიანი საკვებია და, რეალურად, უფრო ნაკლები რაოდენობით სჭირდება ადამიანს.
ექსპერტები ნატურალური სოფლის პროდუქტების მომხმარებლებს ორ კატეგორიად ყოფენ:
ა) ის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ბ) ის, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა ცხოვრების პრინციპია.
აქედან გამომდინარე, ფერმის პროდუქტი გარანტიაა იმისა, რომ:
- თქვენი ოჯახი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტით იკვებება,
- თქვენ კი ამ არჩევანით ეხმარებით სოფლის მეურნეობის იმ სისტემის განვითარებას, რომელიც უარს ამბობს სინთეტიკური დანამატების გამოყენებაზე და ნაკლებად აზიანებს გარემოს.