დავიწყოთ იმით, რომ კომბოსტო, უბრალოდ, ბოსტნეული არ არის. ის ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს და რომაელებს მიაჩნდათ ორგანიზმისთვის უნიკალურ წამლად.
დღეს ამ ბოსტნეულს, უმეტეს შემთხვევაში, არა ძირითად, არამედ დამატებით ინგრედიენტად იყენებენ, მაგრამ ამან არ შეგაცდინოთ – ის პირველი ხარისხის პროდუქტი გახლავთ. ხოლო, თუკი თქვენ ჯერ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი არ იცით, მაშინ წინ პატარა სიურპრიზი გელით.
კომბოსტოს ჯიშები
საქართველოში კომბოსტოს რამდენიმე ჯიშია გავრცელებული. მათ შორის, ქართულ სამზარეულოში, განსაკუთრებით პოპულარულია:
- თეთრთავიანი კომბოსტო;
- წითელთავიანი კომბოსტო;
- ყვავილოვანი კომბოსტო;
- ბროკოლი;
- ბრიუსელის კომბოსტო;
სხვადასხვა ჯიშებიდან თითოეულს თავისი უნიკალური ფორმა და გემო აქვს, თუმცა, სასარგებლო თვისებებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მაგალითად, არცერთი სხვა ბოსტნეული არ შეიცავს იმდენი რაოდენობით უჯრედისს, რამდენიც კომბოსტოშია, ხოლო C ვიტამინის შემცველობით იგი ციტრუსებსაც კი უსწრებს!
ზოგადად, კომბოსტოს შემადგენლობაში ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო თითქმის ყველა ცნობილი ვიტამინია და, თანაც, საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით: А, В1, В2, В6, C, E, РР და უნიკალური ვიტამინი U, რომელიც აფერხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას; ასევე მის შემადგენლობაშია: ფიტონციდები, ფერმენტები, მინერალური ნივთიერებები და ა.შ.
კომბოსტო – ვიტამინები
ჩვენ დღეს ამ ბოსტნეულის ვიტამინებიდან რამდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებითაც განსაკუთრებით მდიდარია იგი:
ვიტამინი C
იცით, რომ C ვიტამინის ყველაზე მდიდარი შემცველობა კომბოსტოსებრთა და კენკროვანი ოჯახის წარმომადგენლებს აქვთ; II ადგილზეა კარტოფილი, III ადგილზე – ყვითელი და მწვანე ხილი და ბოსტნეული, შემდეგ კი მოდის უკვე დანარჩენი ხილ–ბოსტნეული.
შეიძლება, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ, მხოლოდ, ერთი თეფში – დაახლოებით, 100 გრ. უმი კომბოსტო C ვიტამინის თითქმის მთელ დღიურ ნორმას შეიცავს;
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის – თერმულად დამუშავებისას (არახანგრძლივად) მასში C ვიტამინი სრულად ნარჩუნდება!
ვიტამინი U
- ვიტამინი U ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებზე ახდენს გავლენას, მაგალითად:
- კურნავს ეროზიას და წყლულებს, რომლებიც წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან ზედაპირზე;
- ხელს უწყობს მჟავიანობის დონის ნორმალიზებას და ამით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
- ეხმარება ეპიდერმისის რეგენერაციას, ჟანგბადით ამარაგებს კანის უჯრედებს და შედეგად აუმჯობესებს კანის სტრუქტურას;
- აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს შინაგან ორგანოებში;
- ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც მნიშვნელოვანი პროტეინია კანის, თმის, ფრჩხილების, მყესების, ძვლებისა და სახსრების სიჯანსაღისთვის;
ვიტამინები В1, В2, В6
თეთრი კომბოსტო მდიდარია ბ ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც:
- ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების მუშაობას;
- ეხმარება ნაწლავების ფუნქციონირებას;
- ზრუნავს კანის სიჯანსაღეზე;
- დადებითად მოქმედებს ემოციურ განწყობაზე, სტრესის გადატანაზე;
- აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
კალორიულობა
ბევრი ბოსტნეული ვერ დაიკვეხნის იმით, რომ იმაზე ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე მის გადამუშავებას სჭირდება: დაჭრილი კომბოსტოს ერთი თეფშზე მხოლოდ 28 კალორიაა.
თუ წონის დაკლებაზე ოცნებობთ, ეცადეთ, მაღალკალორიული ინგრედიენტები ამ ბოსტნეულით შეცვალოთ. მაგალითად: ბუტერბროდი ფუნთუშაზე ან პურის ნაჭერზე კი არა კომბოსტოს ფოთოლზე გაამზადეთ, ლაფშა ამ ბოსტნეულის მწნილით ან სალათებით შეცვალეთ და ა.შ.
კომბოსტოს სამკურნალო თვისებები
თეთრი კომბოსტო – ან იმავე, თეთრთავიანი კომბოსტოს მთავარი ღირსება C ვიტამინის დიდი შემცველობა გახლავთ (ლიმონზე მეტიც კი). ამიტომ ის იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, თეთრი კომბოსტო U ვიტამინის წყაროა, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს იცავს ეროზიისა და წყლულებისგან.
ყვავილოვანი კომბოსტო – მასში დიდი რაოდენობით არის მცენარეული ცილები და მცენარეული ცხიმები, კერძოდ – ომეგა-3; ასევე, ეს ჯიში შეიცავს ფოლიუმის მჟავას და ბ ჯგუფის ვიტამინებს. სწორედ ამის გამო ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ორსულების რაციონისთვის;
ბროკოლი – დიდი რაოდენობით შეიცავს ქლოროფილს, რომელსაც მცენარეულ „ჰემოგლობინსაც“ უწოდებენ. მას დადებით გავლენა აქვს სისხლის შემადგენლობაზე, ამდიდრებს მას ჟანგბადით, რაც ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისთვის;
წითელი კომბოსტო – შეიცავს ანტოციანინებს (ფავონოიდების წარმომადგენელი) და სწორედ ისინი აძლევს ამ ბოსტნეულს ასეთ უჩვეულო ფერს აძლევს. ანტოციანინები ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და დადებით გავლენას ახდენს გულის კუნთის მუშაობაზე; გარდა ამისა, ფავონოიდებს აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტიც – შეუძლია, მძიმე ლითონები „მიიკრას“ და ორგანიზმიდან გამოდევნოს.
აქვე – რეცეპტი ჰარვარდიდან
კომბოსტოს სამკურნალო თვისებების გათვალისწინებით, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრები პროფილაქტიკისთვის წითელი კომბოსტოს სალათის უმარტივეს რეცეპტს გთავაზობენ:
წვრილად დაჭერით ნახევარი თავი წითელი ნაყოფი; მოაპკურეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, ცოტა მარილი და გემოვნებით პილპილი; სურვილის მიხედვით, დაამატეთ ცოტაოდენი გახეხილი სტაფილო.
შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ.
ბრიუსელის კომბოსტო
ამ ჯიშის ეს ბოსტნეული მდიდარია A ვიტამინითა და ლუტეინით, ამიტომ ის საუკეთესო საკვებია მხედველობისთვის. ბოლო დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს მისი ძლიერი პროფილაქტიკური მოქმედება ზოგიერთი სახეობის კიბოს წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიც არის ძუძუს და საკვერცხეების კიბო ქალებში ან პროსტატის კიბო მამაკაცებში.
დასკვნის სახით:
ზემოთ თქმულიდან ნათელი ხდება, რომ თუკი თქვენთვის თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ჯიშის კომბოსტოს სალათი მონაცვლეობით უნდა ჩართოთ კვების რაციონში. მით უფრო, რომ მისი კალორიულობა ნულოვანია – ანუ ორგანიზმი ამ ბოსტნეულის გადამუშავებაზე უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე ამ მისი ენერგეტიკული ღირებულებაა.