კარტოფილი – როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილის სასარგებლო თვისებები
სარჩევი

კარტოფილმა, ძალიან დიდი ხანია, მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს სამზარეულოში, თუმცა, გასუქების შიშით ბევრი ჩვენგანი ამ გემრიელი პროდუქტის მირთმევას ერიდება.

ორი სიტყვით კარტოფილის „ბიოგრაფიაზე“

კარტოფილი უძველესი დროიდან მთავარი საკვები პროდუქტი იყო ცენტრალურ ამერიკაში, ანდების მთების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ადგილობრივი ინდიელები 2000 წელზე მეტი ხნის წინ კარტოფილისგან აკეთებდნენ „ჩუნოს“: კარტოფილს, რომლის ნაყოფში 80% წყალია, ღამის განმავლობაში გარეთ, ყინვაში ტოვებდნენ, მეორე დღეს კი, როცა გალღვებოდა, მისგან წყალს ფეხებით წურავდნენ – დაახლოებით, როგორც ყურძენი, ისე იწურებოდა. გამოწურულ ნაყოფს შემდეგ მზეზე აშრობდნენ – ასე მზადდებოდა ჩუნო, მშრალი კარტოფილი, რომელიც დღევანდელ ჩიფსებს წააგავდა და დიდხანს ინახებოდა.

ევროპელებმა ეს ბოსტნეული გაცილებით გვიან გაიცნეს. დაახლოებით, 450 წლის წინათ ერთი ახალგაზრდა ბიჭი, სახელად პედრო ჩეზა დე ლიონი, ესპანელი კონკისტადორების გემით სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და როცა სხვები პერუში ოქროსა და განძს ეძებდნენ, პედრო იმას აკვირდებოდა, თუ რას ჭამდნენ და რა მოჰყავდათ მიწაზე ამ საოცარი ქვეყნის მცხოვრებლებს. 1553 წელს ესპანურ ქალაქ სევილიაში გამოვიდა პედრო ჩეზა დე ლიონის წიგნი, სახელწოდებით „პერუს ქრონიკები“, სადაც მან პირველად ახსენა კარტოფილის შესახებ. 1570 წელს კი ესპანელებმა ეს პროდუქტი სამშობლოში მექსიკიდან ჩაიტანეს.

არსებობს ცნობები, რომ პარიზში 1616 წელს კარტოფილი, როგორც იშვიათი და პიკანტური საკვები, მხოლოდ, სამეფო სუფრის კერძი იყო. მარია ანტუანეტას მმართველობისას მის ყვავილებს ვარცხნილობის და კაბების მოსართავადაც იყენებდნენ. ამ პროდუქტის ფართოდ პოპულარიზაციას კი ხელი შეუწყო ანტუან-ოგიუსტენ პარმენტიემ (1737-1813), ფრანგმა აგრონომმა და ფარმაცევტმა. ამ დამსახურებისთვის მას მადლიერმა შთამომავლებმა ძეგლიც დაუდგეს ქალაქ მონდიდიეში  (ფრ. Montdidier).

უსასუქო კარტოფილი

კარტოფილის გავრცელება საქართველოში

საქართველოში კარტოფილის შესახებ პირველად ნახსენებია იმერეთის მეფის სოლომონ II წერილში, რომელიც 1787 წლით არის დათარიღებული. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ეს ბოსტნეული უკვე თბილისის ახლომახლოც  ყოფილა დათესილი.

დღეს საქართველოში მოჰყავთ: თეთრ წყაროში, ახალქალაქში, ახალციხეში, წალკაში, დმანისში,  ხულოში, შუახევში, ნინოწმინდაში, სვანეთში, რაჭაში… და საადრეო კარტოფილი – ბოლნისში.

კარტოფილი სოფლიდან

კარტოფილი სამკურნალოდ და ჯანმრთელობისთვის

კარტოფილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ბევრ ნივთიერებას შეიცავს და ნუ იფიქრებთ, რომ მასში, მხოლოდ, ნახშირწყლებია.

იგი შეიცავს: კალიუმს, ფოსფორს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ნიკელს, კობალტს, იოდს, მანგანუმს. ვიტამინებს: C, B1,B2, B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), PP, K, D, U, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, A ვიტამინს (კაროტინს), რომელიც განსაკურებით უხვადაა ყვითელგულიან ჯიშებში.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის ქიმიური შემადგენლობა, მხოლოდ, გასული საუკუნის დასაწყისში შეისწავლეს, მას დიდი ხანია, აფასებენ ხალხურ მედიცინაში.

მაგალითად, ამ ბოსტნეულს სასარგებლოდ მიიჩნევენ შარდკენჭოვანი დაავადების დროს; ადრე კარტოფილით კვებავდნენ ტუბერკულოზით დაავადებულებს; გახეხილი უმი ნაყოფით მკურნალობენ კანის დამწვრობას, ფურუნკულოზს და ჩირქგროვებს;  მოხარშული და შემდეგ გაციებული კარტოფილის ჭამა კარგი საშუალებაა მეტეორიზმის წინააღმდეგ; მისი მოხარშვისას გამოყოფილ ორთქლს დღემდე იყენებენ ინჰალაციებისთვის და ა.შ.

kartophili cal

რა შემთხვევაში არ ასუქებს კარტოფილი?

დიდი ხანია, ჯანსაღი კვების მოყვარულებმა ეს პროდუქტი თავიანთი რაციონიდან ამოშალეს და სულ ტყუილად. დიახ, ის სავსეა ნახშირწყლებით, მაგრამ, ჯერ ერთი, წონის სწორად დასაკლებად ნახშირწყლებიც საჭიროა და მეორეც, ნახშირწყლების გარდა, კარტოფილი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. და კიდევ – სხვათა შორის, 100 გრამ პროდუქტში, მხოლოდ, 77 კილოკალორია, რაც არც ისე ბევრია.

ჩვენ გაგიზიარებთ 5 ოქროს წესს იმისთვის, რომ ეს გემრიელი საკვები არ მოიკლოთ და წონაშიც არ მოიმატოთ.

  1. არ მიირთვათ კარტოფილი ვახშამზე:

იდეალური დროა საუზმე და სადილი. ვახშამი არასდროს!

  1. მხოლოდ, 3 ცალი და პურის გარეშე:

დაიმახსოვრეთ, თუ, დაახლოებით, 300 გრამ კარტოფილს მიირთმევთ, მხოლოდ, 48 გრამ ნახშირწყლებს მიიღებთ, რაც ბევრი არ არის. მაგრამ თუ ოდენობას გაზრდით და პურის ნაჭერსაც დააყოლებთ,  დესერტად კი ნამცხვარზეც არ იტყვით უარს, წონის მატება გარდაუვალია.

გამომცხვარი კარტოფილი

  1. დაივიწყეთ კარტოფილი ფრი – კარტოფილი უნდა ჭამოთ მოხარშული ან გამომცხვარი!

სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის ამ პროდუქტის კანიანად მოხარშვა ან  გამოცხობა საუკეთესო ვარიანტია. ამასთანავე, გარწმუნებთ, რომ გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი არ ასუქებს. გირჩევთ, მოსახარში ნაყოფი მდუღარე წყალში მოათავსოთ – ასე მეტ ვიტამინს შეინარჩუნებთ, უფრო უკეთესი კი ღუმელში გამოცხობაა. ხოლო თუ გსურთ, რომ მულტისახარშ ქვაბში მომზადებული კარტოფილი გემრიელი გამოვიდეს, მოაყარეთ არომატული მარილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 1 კბილი ნიორი და გამოცხობის 30-წუთიან რეჟიმზე ჩართეთ. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარი ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი. შემწვარი კარტოფილი და კარტოფილი ფრი კი უნდა დაივიწყოთ. ეს პროდუქტი სწორედ ასე მომზადებული აბერებს, აავადებს და ასუქებს ადამიანს.

  1. მიირთვით ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად:

თუ გსურთ, რომ კარტოფილმა არ გაგასუქოთ, კატლეტის, ქათმის ან ბეკონის ნაჭრის ნაცვლად, მჟავე კომბოსტოსთან, მოხარშულ ჭარხალთან ან ჩაშუშულ კომბოსტოსთან ერთად მიირთვით.

  1. მიირთვით კვირაში 2-ჯერ:

თუ ზედმეტი წონა თქვენი მუდმივი თავის ტკივილია, კარტოფილი ყოველდღიურ რაციონში არ უნდა შეიტანოთ. კვირაში ორჯერ კი სრულიად საკმარისი და აუცილებელიც არის.

არ გამოტოვო შეთავაზება

იორლენდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ახლო მომავალში ჩაეშვება გაყიდვაში. თუ გსურს იყო პირველი და მიიღო წინასწარი, 15%-მდე ფასდაკლება შეძენილ პროდუქტზე, დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები.