როზმარინის სამშობლო მზიანი ხმელთაშუაზღვისპირეთია. მისი ლათინური სახელწოდება (Rosmarinus officinalis) ითარგმნება როგორც „ზღვის ნამი“, რადგან ეს მცენარე ხშირად პირდაპირ ზღვის სანაპიროზე, კლდეებზე იზრდება და ზღვის ნიავს სუნთქავს. როგორც აღმოჩნდა, როზმარინის ბუჩქებისთვის კახეთის მცხუნვარე მზე და ჩვენი ბიომეურნეობის უსასუქო ნიადაგიც შესანიშნავ გარემოს ქმნის. „იორლენდში“ არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს, პესტიციდებს და სასუქებს. ბუნებრივი ციკლით ჯანსაღ გარემოში ზრდა კი მცენარეს საშუალებას აძლევს, გამოიმუშაოს და დააგროვოს ეთერზეთების მაქსიმალური რაოდენობა. შედეგად ვიღებთ ჯანსაღ, მუქი მწვანე ფერის ტოტებს, რომლებიც ინდუსტრიულად მოყვანილი, სათბურის ანალოგებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ინტენსიური და მდგრადი სურნელით გამოირჩევა.
რა სარგებელი აქვს როზმარინს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
როზმარინის სასარგებლო თვისებები ადამიანებმა საუკუნეების წინ აღმოაჩინეს. მაგალითად ძველ საბერძნეთში სტუდენტები როზმარინის გვირგვინებს ატარებდნენ გამოცდების წინ, რადგან სჯეროდათ, რომ მისი არომატი მეხსიერებას აუმჯობესებდა. მოგვიანებით კი კვლევებითაც დადასტურდა, რომ როზმარინში შემავალი ნაერთი (ცინეოლი) სუნთქვისას ხვდება სისხლში და ასტიმულირებს ტვინის იმ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე. მცენარის შემადგენლობაში შემავალი როზმარინის მჟავა და ძლიერი ანტიოქსიდანტები ორგანიზმის უჯრედებს დაბერებისგან იცავს და ხელს უწყობს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც პირდაპირ აისახება მეხსიერების გაუმჯობესებაზე.
როზმარინის ეთერზეთები ძლიერი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. ეს მცენარე საუკეთესო მეგობარია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც — მძიმე და ცხიმიანი ხორცეულის მიღებისას ის ორგანიზმს ფერმენტების გამომუშავებასა და საკვების მარტივად ათვისებაში ეხმარება, რითაც თავიდან გვაცილებს დისკომფორტსა და სიმძიმის შეგრძნებას.
როგორ გამოვიყენოთ როზმარინი კულინარიაში?
როზმარინის ძლიერი ხასიათი მოითხოვს მის ზომიერად გამოყენებას, თუმცა სწორ ინგრედიენტებთან ის ნამდვილ კულინარიულ შედევრებს ქმნის. „იორლენდის“ პროდუქტებთან ერთად მისი გამოყენების საუკეთესო გზებია:
- გამომცხვარი კარტოფილი: „იორლენდის“ ყვითელი ან ახალი კარტოფილი, დაჭრილი მოზრდილ ნაჭრებად, შეზავებული ზეითუნის ზეთით, მსხვილი მარილითა და როზმარინის ტოტებით — ეს არის კლასიკური, უალტერნატივო და არომატული გარნირი;
- ხორცის მარინადი: როზმარინი, ნიორი და შავი წიწაკა საუკეთესო კომბინაციაა საქონლის ან ღორის ხორცის (განსაკუთრებით სტეიკის) შესაწვავად. ტოტი შეგიძლიათ პირდაპირ ცხელ ტაფაში, გამდნარ კარაქში ჩააგდოთ ხორცის არომატიზებისთვის;
- ფრინველი ღუმელში: მთლიანი ქათმის ან ინდაურის შიგთავსში მოთავსებული როზმარინის რამდენიმე ღერი და ლიმონი ხორცს წარმოუდგენელ სიხალისესა და სურნელს ანიჭებს;
- არომატული ზეთი: ბოთლში მოთავსებული როზმარინის ტოტი, რომელზეც დაასხამთ ხარისხიან ზეითუნის ზეთს, რამდენიმე კვირაში საუკეთესო დრესინგად იქცევა სალათებისა თუ ბრუსკეტებისთვის;
- ცომეული: იტალიური ფოკაჩა ან სახლური, გახუხული პური წარმოუდგენელია ცომის ზედაპირზე მოყრილი, წვრილად დაჭრილი როზმარინისა და მსხვილი მარილის გარეშე.
რომელი ღვინო უხდება როზმარინიან კერძებს?
როზმარინის ინტენსიურ, ფიჭვისებრ არომატს და იმ ცხიმიან კერძებს, რომლებშიც ის, ძირითადად, გამოიყენება, მკვეთრი ხასიათის ღვინო ესაჭიროება.
თუ მას წითელ ხორცთან ერთად მიირთმევთ, „იორლენდის“ ქვევრის ნატურალური საფერავი სრულყოფილად გაუსვამს ხაზს მის მდიდარ გემოს და გაანეიტრალებს ცხიმს. გამომცხვარ ბოსტნეულთან ან ფრინველის ხორცთან კომბინაციისას კი, საუკეთესო ენოგასტრონომიულ პარტნიორობას ქვევრის რქაწითელი გაგიწევთ, რომლის სხეული და ტანინები როზმარინის ეთერზეთებს იდეალურად დააბალანსებს.

























